გრიგოლ ნაზიაზელის თხზულებათა ინტერპრეტაცია: დავით ტბელის თარგმანები
Main Article Content
ანოტაცია
შუა საუკუნეების ინტელექტუალურ სივრცეში თარგმნა ხშირ შემთხვევაში განიხილებოდა როგორც ეგზეგეტიკური პროცესი − ტექსტის ინტერპრეტაცია და მისი გადმოცემა სხვა ენაზე ისეთი ფორმით, რომელიც ახალი ენობრივი და კულტურული კონტექსტის შესაფერისი იქნებოდა. წინამდებარე სტატიაში ამგვარი განმარტებითი თარგმანი წარმოდგენილია გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა XI საუკუნის ქართველი მთარგმნელის, დავით ტბელის მიერ შესრულებული ქართული თარგმანების მაგალითზე. მართალია, დავითი თავის თარგმანებს კომენტარებს არ ურთავს, მაგრამ მის თარგმანებში შეტანილი ცვლილებები − ჩანართები, ცალკეული მონაკვეთების კლება, პარაფრაზი და ლექსიკის არჩევანი − მკაფიოდ წარმოაჩენს სათარგმნი თხზულებების მთარგმნელისეულ ინტერპრეტაციას. ნაშრომში დავით ტბელის მოღვაწეობა განხილულია ქართული მთარგმნელობითი პრაქტიკის ფართო კონტექსტში, განსაკუთრებით ეფთვიმე მთაწმინდელთან მიმართებაში. დავითს ეფთვიმესთან აკავშირებს ზოგადი მიზანდასახულება – ორიგინალების მაქსიმალურად გასაგები ფორმით გადმოტანა თარგმანში. მაგრამ სათარგმნი ტექსტისადმი თავისუფალი დამოკიდებულების მიუხედავად, ცვლილებები ყოველთვის ზომიერია, დავითის თარგმანი გრიგოლის ტექსტს დიდად დაშორებული არ არის. დავითი ასევე თანამიმდევრულია საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის და ბიბლიური ციტაციის გადმოტანაში, რაც მას წარმოაჩენს როგორც გარდამავალ ფიგურას ათონურ და უფრო გვიანდელ ელინოფილურ მთარგმნელობით ტრადიციებს შორის და როგორც მნიშვნელოვან საფეხურს ქართული საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური ლექსიკის განვითარების პროცესში.