შეუზღუდავი (თავისუფალი) და დაუმორჩილებელი? ქართული ენის ფუნქციური სიტყვების კორპუსზე დაფუძნებული კვლევა
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში წარმოდგენილია ქართული ენის ფუნქციური სიტყვების როლისა და ფუნქციის ანალიზი კორპუსლინგვისტური პერსპექტივიდან. კვლევა ფოკუსირებულია ფუნქციური სიტყვების სინტაქსურ, პრაგმატულ და სემანტიკურ მახასიათებლებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანდებულების, ნაწილაკების, კავშირებისა და სხვა ფუნქციური ელემენტების ფორმალურ და ფუნქციურ თვისებებს და მათ გამოყენებას ქართულ ენაში. კვლევა ეფუძნება ქართული ენის ეროვნული კორპუსის მონაცემებს, რაც ხელს უწყობს სინტაქსური გარემოსა და განაწილების ნიმუშების ემპირიულ კვლევას. ფუნქციური სიტყვების კლასიფიკაცია ისეთი რთული მორფოლოგიის მქონე ენაში, როგორიც ქართულია, უპირისპირდება სინსემანტიკური და ავტოსემანტიკური ელემენტების კლასიფიკაციის რამდენიმე თეორიულ მოდელს. შესაბამისად, საჭირო გახდა ქართულ ენაზე მორგებული თეორიული ჩარჩოს შექმნა სამი სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით: სემანტიკური ავტონომია, სინტაქსური როლი (ადგილმდებარეობა წინადადებაში და კომბინატორული ფუნქცია) და პრაგმატული ფუნქცია (ინტერპრეტირებისა და დისკურსის მენეჯმენტის ფუნქცია).
ქართული ენის ფუნქციური ელემენტების ანალიზის მხარდასაჭერად და შემდგომი ემპირიული კვლევის უზრუნველსაყოფად, კვლევის ფარგლებში შემუშავდა მსუბუქი Java ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიაწოდოს ქართული ფუნქციური სიტყვების წინასწარ განსაზღვრული სია და გააანალიზოს მათი გამოყენება ნებისმიერ შერჩეულ ტექსტში. შექმნილი ინსტრუმენტი ავტომატურად ამოიცნობს, თუ რომელი ფუნქციური სიტყვებია წარმოდგენილი ტექსტში, აძლევს მათ კვალიფიკაციას სამი ზემოთ დასახელებული კრიტერიუმის მიხედვით, ითვლის მათ სიხშირეს საანალიზო ტექსტში და სურვილისამებრ, ახდენს მიღებული შედეგების ვიზუალიზაციას. აღნიშნული ინსტრუმენტი წარმოაჩენს სტატისტიკური მეთოდების შესაძლებლობას დახვეწონ თეორიული ლინგვისტური კვლევის პროცესი და ხაზს უსვამს კორპუსზე დაფუძნებული კვლევისა და მიზნობრივად შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენებით ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიების მნიშვნელობას ტიპოლოგიურად ისეთ რთულ ენებში, როგორიცაა ქართული, ფუნქციური სიტყვების სისტემების გაგება-გაღრმავებაში.