ბასილი მინიმუსის კომენტარების გავლენა გრიგოლ ღვთისმეტყველის საკითხავთა ქართულ თარგმანებზე

Main Article Content

თამარ ოთხმეზური

ანოტაცია

სტატიის მიზანია წარმოაჩინოს, თუ რა გავლენა მოახდინა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა X საუკუნის ბიზანტიელი მწიგნობრის, ბასილი მინიმუსის კომენტარებმა ამ თხზულებათა ექვთიმე მთაწმინდელისეულ და ეფრემ მცირისეულ თარგმანებზე. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ, მართალია, ექვთიმე მთაწმინდელს არ უთარგმნია ქართულად ბასილის კომენტარები, ის კარგად იცნობდა ამ შრომას და გრიგოლის ქადაგებათა ქართულად გადმოტანისას სარგებლობდა ამ კომენტარებით. ამ გზით  ექვთიმე ცდილობდა გრიგოლის რთული თეოლოგიური თუ მხატვრული სახეებით დატვირთული პასაჟები უფრო გასაგები და მისაწვდომი გაეხადა ქართველი მკითხველისათვის. როგორც ცნობილია, გრიგოლის ტექსტები შეიცავს რთულ მხატვრულ სახეებს – ალეგორიებს, ევფემიზმებს, ანალოგიებს, მეტაფორებს და სხვ., რომელთა მნიშვნელობაც ხშირად არის განმარტებული ბასილის კომენტარებში. ექვთიმეს თარგმანებში ეს მხატვრული სახეები სიტყვასიტყვით კი არ არის ნათარგმნი, არამედ გადმოტანილია სემანტიკურად, ხშირ შემთხვევაში, უშუალოდ ბასილის განმარტებების შესაბამისად. ეფრემ მცირე, ბასილი მინიმუსის კომენტარების ელინოფილი მთარგმნელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ლიტერატურული სტილის შენარჩუნებას საკუთარ თარგმანებში. ის გრიგოლის სტილს ახასიათებს, როგორც „ლაკონურს, ღრმასა და დაფარულს“. ამ სტილისტური თავისებურების შენარჩუნებაში ეფრემს დიდ დახმარებას უწევდა ბასილის კომენტარების იმ განმარტებები, რომლებშიც განხილულია გრიგოლის მხატვრული სტილის თავისებურებანი. შედეგად, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ეფრემისეულ თარგმანში, ბასილის კომეტარების წყალობით, გრიგოლის ტექსტებისათვის დამახასიათებელი ტონი და რიტმი განსაკუთრებული სიზუსტით არის გადმოცემული.

საკვანძო სიტყვები:
ბასილი მინიმუსის კომენტარები, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ქართული ხელნაწერები, ქართული თარგმანები, ეფთვიმე მთაწმინდელი, ეფრემ მცირე
გამოქვეყნებული: დეკ 29, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
ძველი ქართული ფილოლოგია