ხე, როგორც იშვიათი საწერი მასალა საქართველოში: XIV–XV საუკუნეების სვანური ისტორიული საბუთების მიხედვით

Main Article Content

დარეჯან გოგაშვილი

ანოტაცია

სვანური ისტორიული საბუთებისთვის საწერ მასალად, ძირითადად, სვანეთის ჴევების ეკლესიებში დაცული ხელნაწერების აშიები ან ტექსტისაგან თავისუფალი, დაუწერელი  გვერდებია გამოყენებული. საბუთებს, საკუთრივ ტექსტთან კავშირი არ აქვთ, დამოუკიდებლად არსებობენ და მინაწერი ისტორიული საბუთების სახელით არიან ცნობილი. იშვიათია საბუთები, რომლებიც ხეზეა ნაწერი.  ხე, საქართველოში, საწერ მასალად გამოყენებული არ ყოფილა, ის მხოლოდ სვანეთში, კალის ჴევში დასტურდება და ამ თემის საბუთებიც, ადგილობრივ, სამწახნაგად, ოთხწახნაგად, ხუთწახნაგად ან შვიდწახნაგად გათლილი ხისგან დამზადებულ საწერ მასალაზეა დაწერილი. საბუთები XIV-XV საუკუნეებით თარიღდება, ყოველი მათგანი კალის ხევს უკავშირდება და შეიცავს საერთო სახევო დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებს, თემებს შორის ან თემებსა და კერძო პირებს შორის დადებულ პირობებს და სხვა. საბუთები გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევიან, რასაც უპირველესად, საწერი მასალა და ფორმა განაპირობებს. სვანური საბუთების შესწავლა-შეკრება XIX საუკუნის 30-იან წლებიდან დაიწყო. მიუხედავად მრავალი პუბლიკაციისა, ხე, როგორც საწერი მასალა, კვლევისა და შესწავლის საგანი არ გამხდარა. არ არსებობს პუბლიკაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება, ამ იშვიათი და ქართულ ხელნაწერ პრაქტიკაში სრულიად განსხვავებული საწერი მასალის დამზადებისა და გამოყენების წესები. სტატიაში განხილულია, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ორი საბუთი, წარმოდგენილია მათი კოდიკოლოგიური მახასიათებლები, ყურადღებაა გამახვილებული ფორმაზე, წახნაგების რაოდენობასა და ტექსტის ორგანიზებაზე. ხე, როგორც იშვიათი საწერი მასალა XIV-XV საუკუნეების საქართელოში, კერძოდ კი,  ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ისტორიულ – გეოგრაფიულ მხარეში, სვანეთში, განხილულია შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნის ერთიან ისტორიულ კონტექსტში.

საკვანძო სიტყვები:
ხე, როგორც საწერი მასალა, სვანური ისტორიული დოკუმენტები, სვანეთის ეკლესიები
გამოქვეყნებული: დეკ 29, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
ხელნაწერთა დიგიტალური შესწავლა