Colligite fragmenta: Fragments of Dispersed Caucasian Manuscripts Virtually Reunited
Main Article Content
Abstract
ნაშრომში განხილულია დანაწევრებული და გაფანტული კავკასიური ხელნაწერების ფრაგმენტთა გამთლიანების შემთხვევები. აღწერილია ამგვარ ხელნაწერთა არა მარტო დღევანდელი მდგომარეობა ან სამომავლო პერსპექტივები, არამედ ის გზაც, რომელიც გავიარეთ დღემდე, კომპიუტერებისა და მულტისპექტრული აპარატების მეშვეობით გადაღებული დიგიტალური გამოსახულებების გარეშე. უკვე ათწლეულებია ვმუშაობ აღმოსავლურ ქრისტიანულ ხელნაწერებზე, და მიმაჩნია, რომ ხელნაწერთა შესწავლის საუკეთესო გზა იყო, და მე ვიტყოდი, დღემდე რჩება, ხელნაწერების უშუალო ნახვა და მათზე მუშაობა; და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ – შავ-თეთრი ფოტოების შესწავლა.
ამჯერად ნაშრომში საუბარია კავკასიური ხელნაწერების მხოლოდ ერთ კომპონენტზე – საწყის და ბოლო დამცავ ფურცლებზე, ე. წ. ფორზაცებზე (გამთლიანებული პალიმფსესტების შესახებ იხილეთ ჩემი ნაშრომი კრებულში „დიგიტალური ქართველოლოგია 1“ (Digital Kartvelology 1, 2023).
ფორზაცის არსებობის შესახებ ინფორმაცია ხელნაწერის აღწერილობაში, ჩვეუ-ლებრივ, მოცემულია, მაგრამ არ შეიცავს ინფორმაციას კონტენტის, ანუ ტექსტის შესახებ. არადა, ზოგჯერ სწორედ ამ ტექსტებს მივყავართ უცნობი სომხური ან ქართული ტექსტის აღმოჩენამდე და მკვლევარს საშუალებას აძლევენ თავის დროზე დანაწევრებული ხელნაწერის ნაწილები, რომლებიც ხელახლა გამოიყენეს და აკინძეს იმავე ან სხვა ენის ხელნაწერის მასალად, გაამთლიანოს.
ნაშრომში წარმოდგენილია მსგავსი შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სომხური და ქართული ხელნაწერების კვლევისას. თუმცა, დასაწყისშივე უნდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთის ქრისტიანობაში ფორზაცს უმეტესად სომხები იყენებდნენ, რათა ხელნაწერის პირველი და ბოლო გვერდები ყდაზე ხახუნისაგან დაეცვათ და, შესაბამისად, დაზიანებისგან გადაერჩინათ. როგორც 2000 სომხური ხელნაწერის შერჩევითმა გამოკვლევამ დაადასტურა (ერევანი, მატენადარანი, M 1,000 − 3,000), ხელნაწერთა უდიდეს ნაწილს (ათიდან – სამ ხელნაწერს), აქვს ფორზაცი, რაც სტატისტიკურად მაღალი მაჩვენებელია ფორზაცის გამოყენების თვალსაზრისით.