„ვეფხისტყაოსანში“ გამოყენებული მხატვრული ხერხების თარგმნისათვის

Main Article Content

მანანა თანდაშვილი
მარიამ ყამარაული

ანოტაცია

შოთა რუსთაველის უკვდავ პოემას „ვეფხისტყაოსანს“ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მისი მნიშვნელობა დიდად სცილდება ეროვნული ლიტერატურის ჩარჩოებს და ღირსეული ადგილი აქვს მიჩენილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა შორის - პოემა მსოფლიოს 58 ენაზეა თარგმნილი (ზოგიერთ ენაზე რამდენჯერმეც კი), ქართულ და უცხოურ ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ საერთო რაოდენობა კი 500-ს აღემატება. პოემის თარგმანების ასეთი სიმრავლე თავისთავად უნიკალურ რესურსს წარმოადგენს მრავალენოვანი პარალელური კორპუსის შექმნისა და რუსთველოლოგიურ კვლევებში თანამედროვე მეთოდების გამოყენების თვალსაზრისით.


„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების მრავალენოვანი პარალელური კორპუსის შექმნა ფრანკფურტის უნივერსიტეტში 2018 წლიდან დაიწყო, რასაც შედეგად მოჰყვა პროტოტიპული კორპუსის Rustaveli goes digital შექმნა, რომელიც დღეისათვის პოემის 32 თარგმანს მოიცავს 20 ენაზე.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს თარგმანმცოდნეობა უკვე დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინად არის ჩამოყალიბებული და თეორიებისა და კვლევის მეთოდების სიმცირეს არ უჩივის, არ არსებობს თარგმანების ხარისხის კომპლექსური შეფასების ერთიანი მოდელი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით (და ემპირიულად დამოწმებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე) თარგმანის ხარისხის კომპლექსური შეფასების საშუალებას მოგვცემდა. სტატიაში წარმოდგენილია ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა თარგმანის კვანტიტატიური მეთოდებით შეფასების უპირატესობის გამოვლენას ერთი კონკრეტული კრიტერიუმის - „მზის“ შემცველი მიმართვის ფორმულის თარგმანებში გადატანის ხარისხის - მაგალითზე. თეორიული მოსაზრებების ვალიდურობა ემპირიულად გადამოწმდა მრავალენოვანი პარალელური კორპუსის Rustaveli goes digital მასალაზე – კვლევაში გამოყენებულია „ვეფხისტყაოსნის“ ათ ენაზე შესრულებული 22 თარგმანი.


კვლევა განხორციელდა ორი რელევანტური პარამეტრის მიხედვით: თარგმანებში „მზის“ ეკვივალენტების სახისა და მიმართვის ფორმულის ექსპრესიულობის ხარისხის მიხედვით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს გარკვეული კანონზომიერება ეკვივალენტობის სახესა და მიმართვის ფორმულის ექსპრესიულობის ხარისხს შორის. კერძოდ:


a) ის მთარგმნელები, რომლებიც მიმართვის ფორმულაში მეტაფორულად გამოყენებული „მზის“ ეკვივალენტად სისტემატურად ირჩევენ დენოტაციურ ეკვივალენტს, მიმართვის ფორმულის თარგმნისას მეტ ექსპრესიულობას ავლენენ. შესაბამისად, აღნიშნული პარამეტრების სტატისტიკური მონაცემები მინიმალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან (1 ან 2);
b) სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგენილი ეს კანონზომიერება რელევანტურია თარგმანის ხარისხის კომპლექსური შეფასების თვალსაზრისით, ვინაიდან თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მთარგმნელთა ძალისხმევას, მაქსიმალურად შეინარჩუნონ ავტორის არა მხოლოდ მხატვრული ენა, არამედ ფილოსოფიურ-რელიგიური და ესთეტიკური მსოფლმხედველობა;
c) კორპუსლინგვისტური მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ თარგმანის ხარისხი ემპირიულად „გაზომვადია“, რაც, თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით დავადგინოთ მთარგმნელის მიერ არჩეული თარგმანის სტრატეგიები და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა მიზან-ტექსტში.


როგორც „მზის“ კონცეპტის კვანტიტატიურმა და კვალიტატიურმა ანალიზმა გვიჩვენა, პოემის მიზან-ტექსტის შექმნის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ლექსიკური ეკვივალენტობის საკითხს, ეკვივალენტის რომელიმე სახის არჩევას, არამედ მის ფუნქციურ დატვირთვას დედნის ტექსტში, რათა თავიდან ავიცილოთ ავტორის მსოფლმხედველობის გამარტივების, გნებავთ გაუბრალოების საშიშროება. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული თარგმანების შეფასების კრიტერიუმებში.

გამოქვეყნებული: Dec 8, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
დიგიტალური რუსთველოლოგია