ურბანული ლანდშაფტის ლინგვისტური კვლევისათვის ბათუმში: ლუკა ასათიანის ქუჩის მაგალითი
Main Article Content
ანოტაცია
ენობრივ სურათს საჯარო სივრცეში წარმოდგენილი სხვადასხვა სახის ნიშნების ერთობლიობა ქმნის, იგულისხმება როგორც ოფიციალური და კომერციული, ისე ცალკეული ენობრივი ნიშნები და წარწერები. ამრიგად, ენობრივი სურათი აერთიანებს როგორც ოფიციალურსა და პროფესიულ ენებს, ასევე ენის გამოყენების კერძო შემთხვევებსა და სოციუმის ენობრივ არჩევანს.
ქართულ ენას რუსულ ენასთან ჭიდილის ხანგრძლივი ისტორია აქვს საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. პოსტსაბჭოთა პერიოდის ბოლო ათწლეულში საქართველოში რუსული ენის გამოყენება შემცირდა. თუმცა, ბოლო წლებში ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა და ამასთანავე, 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვის მკვეთრი ზრდა გვავარაუდებინებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყანაში არსებულ ენობრივ სურათზე. წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული მრავალენოვნების შესწავლას და საჯარო სივრცეში ენის გამოყენების სხვადასხვა სფეროში არსებული ტენდენციების გამოვლენას.
ამ მიზნისთვის შეირჩა ბათუმში მდებარე ლუკა ასათიანის ქუჩა, რომელიც ქალაქის პირველი მერის სახელს ატარებს. ეს არის ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა, რომლის სიგრძე 2.2 კილომეტრია, იწყება ქალაქის ყველაზე პრესტიჟული ნაწილიდან, ზღვისპირა ბულვარიდან, მოიცავს მე-19 საუკუნის მერიის შენობას, აერთიანებს რამდენიმე მთავარ ქუჩას და მთავრდება საცხოვრებელ უბანში, ფერდობებთან ახლოს.
საველე კვლევის ფარგლებში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, ფოტოგრაფიულად აღიწერა ლუკა ასათიანის ქუჩაზე განთავსებული ყველა აბრა, რომელთა რაოდენობა 400-ზე მეტ ტექსტურ ერთეულს შეადგენს. ციფრული ფოტოებისა და ტექსტური ერთეულების მონაცემთა ბაზა შეიქმნა Excel-ში, რამაც შესაძლებელი გახადა ისეთი კატეგორიებისა და მათი კომბინაციების ფარდობითი სიხშირის კვლევა, როგორებიცაა: ენობრივი სურათი (ერთენოვანო, ორენოვანი, სამენოვანი), ენების არჩევანი (ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული ან სხვა ენები), დაწერილობა (ქართული, ლათინური, კირილიცას გრაფიკული გამოყენება), ენის გამოყენების სფეროები, ასო-ნიშნების მოხაზულობა და სხვა კატეგორიები, რომლებიც განხილულია ნაშრომში.
კვლევის შედეგად მიღებული ზოგადი სურათი აჩვენებს, რომ ქართული ენა დომინირებს ერთენოვან ტექსტებში, მას მოჰყვება ინგლისური ენის გამოყენების შემთხვევები. ერთენოვან ტექსტებში რუსული ენა შედარებით იშვიათად გვხდება. ორენოვანი ტექსტები დიდწილად ქართულ და ინგლისურ ენებზე იწერება; შესაბამისად, დაცულია ოფიციალური ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მოითხოვს ინგლისური ენის გამოყენებას ქართული ენის პარალელურად.