ინგლისური ენის დამღუპველი ზეგავლენა თანამედროვე ქართული ენის ლექსიკაზე
Main Article Content
ანოტაცია
ქართულ ენაში ანგლიციზმების (ამერიკული და ბრიტანული) ერთსაუკუნოვანი მოზღვავების ტალღას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ნასესხობათა ახალი, უფრო ძლიერი ნაკადის შემოჭრა დაემატა სხვადასხვა შენაკადის სახით. ამ შენაკადებიდან ერთ-ერთი უკავშირდება ახალი პროდუქციის შემოტანას (მობილური ტელეფონებით დაწყებული – სატვირთო ავტომობილებით დამთავრებული), ახალი წეს-ჩვეულებების დამკვიდრებას (მორალური ღირებულებების ჩათვლით), თანამედრო-ვე კომერციული ტრანსაქციების განხორციელებასა და სხვა სახის აქტივობებს, რომელთა ამსახველი ლექსიკა (აღწერით პერიფრაზს თუ არ ჩავთვლით) ქართულ ენას მანამდე არ გააჩნდა. შესაბამისად, ახალი პროდუქციის გამოყენება-დამკვიდრებამ გამოიწვია უცხო სიტყვების მოძალება ქართულში, რომელთა დიდი ნაწილი ანგლოსაქსური წარმოშობისაა.
მეორე შენაკადის გაჩენა განაპირობა გარკვეულ სფეროებში დამკვიდრებული რუსიციზმების დაძლევის სურვილმა, კერძოდ, ავტომობილის სათადარიგო ნაწილების დასახელებებში (ავტომობილების შეკეთების სფეროში ძირითადად რუსები და სომხები მუშაობდნენ), სადაც რუსიციზმების განდევნა ორი გზით განხორციელდა: ახალი ქართული სიტყვების შექმნის (ან გაცოცხლების) მეშვეობით ან რუსიციზმების ანგლოსაქსური ტერმინებით ჩანაცვლების საშუალებით. ამგვარი პროცესები მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა, მაგალითად, რაგბი, ვინაიდან ქართველი მერაგბეები 1959–1989 წლებში მხოლოდ სლავურ გუნდებთან თამაშობდნენ, ამჟამად კი მსოფლიო ასპარეზზე გავიდნენ და საერთაშორისო ტურნირებში იღებენ მონაწილეობას.
პირად ურთიერთობებსა და ბიზნესში ინტერნეტის საყოველთაო გამოყენებამ გამოიწვია უცხო სიტყვების მესამე შენაკადის მოზღვავება და იმ ტერმინოლოგიის შემოტანა, რომელსაც იყენებდა დასავლელი ინტერნეტმომხმარებელი და ბიზნეს-სფერო. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სიტყვა „იშოპინგეთ!“ ‘Continue shopping’. სამაგიეროდ, უკუპროცესს ჰქონდა ადგილი სლენგისა და ბილწსიტყვაობის სფეროში, სადაც აქტიურად დაიწყო საკუთრივ ქართული ლექსიკის გააქტიურება. 1990 წლებიდან „აფეთქდა“ ქართული სკაბრეზი. ნაბეჭდ პროდუქციაში გაჩნდა ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის შემდეგ აღარ გამოყენებულა წერილობითი ფორმით. ამ სფეროში არ შეიმჩნევა უცხოური ენების გავლენა (თუ არ ჩავთვლით ქართველი ებრაელების ლექსიკას).
მოცემული ნაშრომი ემყარება ემპირიულ მასალას, რომელიც ამოღებულია ინტერნეტფორუმებიდან, კომერციული მასალებიდან, ლაშა ბუღაძის რომანებიდან, პიესებიდან, რომლებიც 2013 წელს საკონკურსოდ იყო წარდგენილი სათარგმნად და ლონდონის სამეფო თეატრში დასადგმელად და სხვ.
ჩვენი წინასწარი დასკვნით, 1990 წლიდან მოყოლებული ქართული ენა წალეკა უცხოური სიტყვების მძლავრმა ტალღამ, რომლის „მონელებასაც“ ჯერჯერობით ვერ ახერხებს ენა, და რომელმაც ისეთივე ზარალი მიაყენა ქართულ ენას, როგორიც ირანულმა მეათე საუკუნეში და რუსულმა – მეცხრამეტე საუკუნის დასაწყის-ში. მაგრამ როგორც ადრეული უცხოური გავლენების შემთხვევაში, აქაც იგივე პროცესი განვითარდება – ქართული ენა ნაწილობრივ შეითვისებს ან უკუაგდებს უცხოურ ლექსიკას და დაიტოვებს უცხოური ენობრივი ერთეულების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მისაღები იქნება და ბუნებრივად ინტეგრირდება ენაში. ამ პროცესში ბევრი რამ დამოკიდებულია ნორმებისა და ინოვაციების ბალანსზე, რომელიც უნდა დამყარდეს, ერთი მხრივ, ძლიერ და კონსერვატიულ სასკოლო-სასწავლო დაწესებულებებსა და, მეორე მხრივ, აქტიურ და ანარქიულ ინტერნეტსაზოგადოებას შორის. ამ პროცესში კიდევ ერთ ფაქტორს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეს არის ახალ ლექსემათა ფონოლოგიური სტრუქტურა. ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „რითრითი“ (‘retreat’) და „დაიგუგლება“ (‘can be googled’), შედგება იმგვარი ხმოვნებისა და თანხმოვნებისგან, რომლებიც ადვილად ინტეგრირდება ქართულში, მაგრამ ისეთმა სიტყვამ, როგორიცაა „აბეკაპებს“ (‘backs up’), კონკურენცია უნდა გაუწიოს ფრანკო-რუსულ პერიფრაზს „სარეზერვოდ ადუბლირებს“.
ანგლიციზმების შემთხვევაში დამატებით სირთულეს წარმოშობს გრამატიკული იმპლიკაცია. მაგალითად, „იშოპინგეთ“ ქართულში შემოტანილია ისეთი გარდამავალი ზმნის კონსტრუქციით, რომელიც სუბიექტს მოთხრობითში შეიწყობს. ეს პროცესი შემჩნეულია „ერგატიულობისადმი მიდრეკილ“ სხვა ენებშიც, სადაც უცხოური ენიდან შემოსული გარდაუვალი ზმნა ფორმდება ერგატიული კონ-სტრუქციით, როგორც მაგალითად, ბასკურში: nere kochek ez du funtzionatzen „ჩემი მანქანა არ მუშაობს“ ‘My car isn’t working’. (ამ წინადადების სტრუქტურული შესა-ტყვისი ქართულში დასტურდება ნამყოში: „ჩემმა მანქანამ არ იმუშავა“).