A Codicological Description of the Georgian Lectionary at Graz University Library
Main Article Content
Abstract
ნაშრომში აღწერილია VII საუკუნის ერთი უნიკალური ქართული ხელნაწერის – გრაცის ხანმეტი ლექციონარის კოდიკოლოგიური მახასიათებლები. ხელნაწერი 2058/1 ლექციონარია და განეკუთვნება ხელნაწერთა იმ ჯგუფს, რომლებსაც სინური წარმომავლობა აქვთ. 5 ხელნაწერისგან შემდგარი აღნიშნული ჯგუფი გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სპეციალური კოლექციების განყოფილებაში ინახება და თარიღდება VII–XI საუკუნეებით.
როგორც არსებული სამეცნიერო ლიტერატურიდან ჩანს, ლექციონარი კარგად არის შესწავლილი როგორც შედგენილობის, ისე ფილოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა შეუსწავლელი დარჩა ხელნაწერის დამზადების ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: ნაწერის განლაგება ხელნაწერის გვერდზე (mise-en-page), ხელნაწერის აკინძვის სტრუქტურა და მეთოდოლოგია, რვეულების, ყუისა და ყდის დამზადება. აქ ჩამოთვლილი მახასიათებლები ხელნაწერის სრულფასოვანი შესწავლისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, იმსახურებს შემდგომ კვლევას. გრაცის ხანმეტმა ლექციონარმა შექმნიდან მოყოლებული თავისი არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე განიცადა ცვლილება და ეს ცვლილებებიც საგანგებო ანალიზს მოითხოვს. გარდა ამისა, ხელნაწერთან ერთად დაცულია ეტრატის დაუწერელი ფრაგმენტები, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელნაწერის საცავ ფურცლებად იყო გამოყენებული. პერგამენტის ეს მეორეული ნაწილებიც შესწავლას ელიან.
კოდიკოლოგია სწავლობს ხელნაწერის არა მხოლოდ სტრუქტურასა და ფუნქციას, არამედ მასალის შესწავლასა და მის იდენტიფიკაციასაც გულისხმობს. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია გრაცის ხანმეტი ლექციონარის დასამზადებლად გამოყენებული სხვადასხვა სახის მასალა, როგორებიცაა: ეტრატი, მელანი და ძაფები. ვიმედოვნებთ, რომ ეს კვლევა ახალ შუქს მოჰფენს 2058/1 ხელნაწერის მნიშვნელობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პირველ ათასწლეულში ქართული წიგნის წარმოების საიდუმლოს გაგებას.
პალეოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიული ანალიზის მსგავსად, კოდიკოლოგია ერთნაირად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ისტორიული წიგნის შესწავლაში. ხელნაწერების კვლევისას ბოლო დრომდე ყურადღება ყოველთვის გადატანილი იყო ტექსტზე და/ან ტექსტის დეკორაციაზე, მაგრამ ცხადია, რომ წიგნის ფიზიკური მდგომარეობის კვლევა ასევე სანდო მტკიცებულებებს იძლევა.