Studying Kartvelian/Caucasian Languages in the Soviet Period and Today
Main Article Content
Abstract
როზმარი სალივანის მიერ 2015 წელს გამოცემულ წიგნში „სტალინის ქალიშვილი: სვეტლანა ალილუევას უჩვეულო და მჩქეფარე ცხოვრება“, რომელშიც გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში არსებული ზოგადი სიტუაციაა აღწერილი, ასეა შეფასებული საბჭოთა მოქალაქეების უცხოელებთან ურთიერთობის კონტროლის მექანიზმი და შესაძლო შედეგები: „1970-იანი წლების შუა პერიოდში საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ ზედამხედველობის გარეშე მოგზაურობის უფლება აღმოსავლეთის ბლოკის ფარგლებს გარეთ. სსრკ-ს ფარგლებშიც უცხოელებთან ნებისმიერი კონტაქტი იმ დროს ქვეყნის ღალატად ითვლებოდა“.
ვინაიდან ჩემი აკადემიური ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ ამ პერიოდში მომიწია საქართველოში ცხოვრება და სწავლა, მინდა გაგიზიაროთ ჩემი, როგორც უცხოელის, „სასიამოვნო“ და „ასატანი“ გამოცდილება ამ პერსპექტივიდან. მინდა გიამბოთ, თუ როგორ გავატარე თბილისში ასპირანტურაში სწავლის პერიოდი 1975–76 სასწავლო წელს, და შევადარო იგი ჩემი ამერიკელი წინამორბედების − დი ენ ჰოლისკისა და ალისა ჰარისის – გამოცდილებას, რომლებიც თბილისში ჩემზე ერთი წლით ადრე იმყოფებოდნენ იმავე სტატუსით. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1979–80 წლებში, მე კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება სასწავლო წელი თბილისში გამეტარებინა. და ბოლოს, 1987 წელს 5 თვე დავყავი თბილისში, რო-გორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა (ამ დროს შვებულება-ში ვიყავი ჰალის უნივერსიტეტიდან). ამდენად, მე, როგორც უცხოელს, თბილისში ცხოვრებისა და სწავლის ორმაგი გამოცდილება დამიგროვდა: როგორც ასპირანტს და როგორც ლექტორს.
მინდა ორივე პერსპექტივიდან დანახული და განცდილი ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ და მოგითხროთ საბჭოთა პერიოდში არსებული იმ პროცედურებისა და, შესაბამისად, იმ სირთულეების შესახებ, რომელთა მომსწრეც თავად ვიყავი.
ამჯერად მე მხოლოდ რამდენიმე პროცედურაზე გავამახვილებ ყურადღებას:
1. საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით ცხოვრების უფლების მოპოვება სა-ბჭოთა პერიოდში (განსაკუთრებით 1970-80-იან წლებში) სტუდენტებისთვის, ასპირანტებისა და ლექტორებისთვის;
2. შეთანხმების მიღწევა სწავლის უფლებისა და დაფინანსების მისაღებად ამა თუ იმ ენის შესასწავლად;
3. მუშაობა ისეთ სიტუაციაში, როდესაც აუცილებელი ან სასურველი ლიტერატურის – წიგნების, ჟურნალების ან/და ჩანაწერების – მოპოვება არ იყო ადვილი, შეძენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ;
4. ქვეყნის ფარგლებში კვლევითი ან ტურისტული მიზნით გადაადგილების ორგანიზების სირთულეები;
5. შეძენილი სისტემური ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობები.
და ბოლოს მოკლედ ვისაუბრებ პოსტსაბჭოთა პერიოდთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ჩემს „უცნაურ“ ურთიერთობებზე.