An Inter-Reflexive Corpus-Based Approach to Georgian and American Film Translations
Main Article Content
Abstract
თანამედროვე მთარგმნელობითი კვლევები თითქმის წარმოუდგენელია კორპუსლინგვისტური, მულტიდისციპლინური და მულტილინგვური მიდგომების გარეშე, რაც დარგის სამეცნიერო-გამოყენებითი განვითარებისთვის უდავოდ მნიშვნე-ლოვანია. იმავდროულად, ნაკლებად გავრცელებულ ენებზე, ან ამ ენებიდან შესრულებულ თარგმანებს იშვიათად იკვლევენ კორპუსლინგვისტური მეთოდებით. წინამდებარე კვლევის მიზანია ენის ვარიაციის მიზეზებსა და თარგმანის მეთოდებსა და სტრატეგიებს შორის ურთიერთმიმართებების დადგენა პარალელურ კორპუსზე დაფუძნებული მონაცემების შედარების საფუძველზე. კვლევის ამოცანაა არათარგმნილ საბჭოთა და თარგმნილ პოსტსაბჭოთა ქართულს შორის სოციოლინგვისტიკური ვარიანტულობის მიზეზების დადგენა. კვლევის მიზნისა და ამოცანის შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია საბჭოთა ეპოქის ქართულიდან ინგლისურად თარგმნილ სუბტიტრებსა და პოსტიმპერიულ ეპოქაში ამერიკული ფილმის ქართულ თარგმანებში ენის ვარიაციისა და არანორმატიული ენის თარგმნის პრობლემები.
როგორც პ. ბეიკერი აღნიშნავს, „ენობრივი ცვალებადობის კორპუსზე დაფუძ-ნებული დიაქრონიული ანალიზი გვიქმნის მნიშვნელოვან ხედვას იმ დინამიკური გზების შესახებ, რომლითაც საზოგადოებები ითავისებენ ან უგულებელყოფენ ენობრივ ფორმებს. ხშირ შემთხვევაში, მკვლევარს ნარატივის შექმნის მცდელობის სურვილი უჩნდება იმ ენობრივი ნიმუშების საფუძველზე, რომლებიც შეიმჩნევა სხვადასხვა დროის სხვადასხვა კორპუსების შედარებისას“ (პ. ბეიკერი, 2010:80). ნაშრომში შედარებულია მთარგ-მნელობითი მეთოდები ქართული ფილმის, "მონანიების" სუბტიტრებისა და ქართულად გახმოვანებული ამერიკულ ფილმის „Silver Lining Playbook“-ის კორპუსლინგვისტური ანალიზის საფუძველზე. გაანალიზებულია მთარგმნელობითი მეთოდების გამოყენების შესაძლო მიზეზები. ფილმების თვისობრივი მონაცემები, მაგ. ჟანრი, გამოშვების წელი, ენები, თარგმანის მოდუსები და თარგმნის თარიღები განსხვავდება. ორივე შემთხვევაში ტექსტების ანოტაცია POS თეგირება / TEI ფორმატში მანუალურად შესრულდა. გასწორე-ბული ტექსტები დამუშავდა სპეციალურად შექმნილ პროგრამულ ანალიზატორში. თარგმანის მეთოდების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შესწავლისას საყურადღებოდ მივიჩნიეთ გამოტოვებებისა და პერიფრაზების კვლევა.
კვლევამ გვიჩვენა, რომ საბჭოთა პერიოდის ინგლისურ ენაზე სუბტიტრების თარგმნის პროცესში გამოყენებული იყო შუალედური (რუსული) ენა, რაც მიგვანიშნებს ცენზურის ჩარევაზე. საბჭოთა მთარგმნელობითი მეთოდებიდან ქართულიდან ინგლისუ-რად შესრულებულ თარგმანში გამოვლენილია გაუცხოურების სტრატეგია, რაც გამიზ-ნული იყო ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის ბუნებრივ, იდიომატურ ენაზე სუბტიტ-რების ამეტყველებისთვის. პოსტსაბჭოთა პერიოდში შესრულებული ამერიკული ფილმის ქართული გახმოვანება ავლენს მოშინაურების სტრატეგიას იდიომების თარგმნისას და სტანდარტიზაციის მეთოდს ჟარგონის თარგმნისას. ანალიზის შედეგების განზოგადებამ გვიჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის ნათარგმნ ქართულ ენასა და საბჭოთა პერიოდის (უთარგმნელ) ქართულს შორის ვლინდება სანახევრო ჰომოლოგია. იგი განპირობებულია ნათარგმნ ქართულში ამერიკული ინგლისურის ე. წ. „უთარგმნელი“, არანორმატიული ლექსიკური ფორმების ნორმატიული ლექსიკით ჩანაცვლებით. პოსტსაბჭოთა ნათარგმნი ქართული ენა (PSG) არანორმატიულ ამერიკულ ჟარგონს სტანდარტული ფორმებით ანაცვლებს, როგორც საბჭოთა რეჟიმის პერიოდის ქართული ენა ცენზურის ზეგავლენით, სამეტყველო ნორმების ზედმიწევნით დაცვა შედეგია. სტანდარტული ფორმების შერჩევა და გამოყენება ორივე შემთხვევაში პოსტკოლონიური მარკერია. კიდევ ერთი პოსტკოლონიური მარკერია ალეგორიული ენით გაფორმებული რეჟიმის საწინააღმდეგო დისკურსი საბჭოთა პერიოდის ქართული ტექსტში. კორპუსული მონაცემების რაოდე-ნობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქართული ენის სტრატიფი-კაციული ვარიანტულობების ჰომოლოგიას თარგმნილ პოსტსაბჭოთა და უთარგმნელ საბჭოთა ტექსტების დონეზე განაპირობებს პოსტსაბჭოთა ქართულ ენაზე ამერიკული კოლოკვიალური და არასტანდარტული ენობრივი ფორმების სტანდარტული ფორმებით გადმოტანა.
კვლევის შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ მთარგმნელები სტანდარტულ ფორმებს ანიჭებენ უპირატესობას კოლოკვიალურ-არაოფიციალური და არასტანდარ-ტული ფორმების თარგმნისას. ვფიქრობთ, ასეთი არჩევანის ძირითადი მიზეზია პოსტსაბჭოთა ქართულის არანორმატიული რეგისტრის ორმაგი ვარიანტულობა: ერთი მხრივ, ენაში სლენგის სუბსტრატად შენარჩუნებულია რუსული ბარბარიზმები, მეორე მხრივ, ინგლისური ენიდან ჭარბად შემოდინებული ნასესხობების წილი არასტან-დარტული ფორმების ვარიაციაა.