A conceptual framework of equivalence evaluation criteria in the multilingual parallel corpus Rustaveli goes digital

Main Article Content

Manana Tandashvili
Mariam Kamarauli

Abstract

ჰუმანიტარული დარგების განვითარება 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია დიდ მონაცემთა ბაზებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდების განვითარების გარეშე. დღეისათვის არსებული დიგიტალური რესურსებისა და ქართული ენისათვის განვითარებული ტექნოლოგიების ბაზაზე საფუძველი ჩაეყარა ქართველოლოგიის თვისებრივად ახალ ეტაპს - დიგიტალურ ქართველოლოგიას. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კორპუსისა (http://corpora.iliauni.edu.ge/?q=ka/node/11) და პოემის თარგმანების დიგიტალური კორპუსის Rustaveli goes digital (https://titus.uni-frankfurt.de/texte/caucasica/rustveli/rgd.html) შექმნით კი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს დიგიტალური რუსთველოლოგიის ჩამოყალიბება.


„ვეფხიტყაოსნის“ ლიტერატურული მნიშვნელობა სცდება ეროვნული მეცნიერების ფარგლებს: შოთა რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნეში შექმნილი პოემა მსოფლიოს 56 ენაზე არის თარგმნილი და უნიკალურ რესურსს წარმოადგენს მრავალენოვანი დიგიტალური კორპუსის შესაქმნელად და ტრანსდისციპლინური კვლევების განსახორციელებლად.
„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის Rustaveli goes digital შექმნა 2018 წელს დაიწყო ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში და მისი განვითარება სამ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველი პროტოტიპული კორპუსი კავკასიოლოგიის სასწავლო პროგრამის ფარგლებში (სემინარი „სპეციალური პრობლემები კავკასიოლოგიაში“) შეიქმნა. კორპუსში გაერთიანდა პოემის ერთი თავის („ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა“) ორიგინალი ტექსტი და თარგმანები 13 ენაზე (ქართული, გერმანული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, სომხური, ჩეჩნური, ქურთული, კორეული, ლიტვური, ოსური, თურქული). სემინარის ფარგლებში განისაზღვრა კორპუსის აგების პრინციპები, შეიქმნა კორპუსის დიზაინი რე-სურსების განსათავსებლად და დაზუსტდა სამომხმარებლო ინტერფეისის კონცეპტი; ამავე სემინარის ფარგლებში დამუშავდა თეორიული და ტექნოლოგიური ჩარჩო - წყარო-ტექსტი-სა და მიზან-ტექსტების დაპარალელებისა და ალინირების ძირითადი პრინციპები; გარდა ფრაზების ალინირებისა, პროტოტიპულ კორპუსში ასევე დამუშავდა სიტყვების ალინირების კონცეპტუალური ჩარჩო ინგლისური და გერმანული თარგმანების შესადა-რებლად (ტექნოლოგიური ჩარჩოს ავტორი: არმინ ჰოენენი).


პროექტის განვითარების მეორე ეტაპი 2021 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტის დაპარალელებას პოემის მულტიენობრივი კორპუსის შესაქმნელად. კორპუსი Rustaveli goes digital დღეისათვის მოიცავს პოემის სრული ტექსტის დაპარალელებულ 32 თარგმანს მსოფლიოს 20 ენაზე (ქართული, გერმანული, ინგლისური, ესპანური, ფრანგული, იტალიური, თურქული, აზერბაიჯანული, ყირგიზული, რუსული, ბელოსურული, უკრაინული, ბერძნული, არაბული, სპარსული, სომხური, ოსური, ლიტვური, მეგრული, სვანური) და საშუალებას იძლევა ემპირიულ ბაზაზე დაყრდნობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განვახორციელოთ ინტერდისციპლინური კვლევები; პროექტის განვითარების მესამე ეტაპზე (2023-2026) განხორციელდება პოემის სრული თარგმანების დიგიტალიზაცია 56 ენაზე და მათი ადაპტაცია კორპუსში.


„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსი საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ, კორპუსლინგვისტური ანალიზის საფუძველზე წარმოვადგინოთ ურთიერთ-მიმართებები და მსგავსება-განსხვავებები როგორც თარგმანსა და ორიგინალს, ასევე საკუთრივ თარგმანებს შორის, მეორე მხრივ კი, თანამედროვე დიგიტალური მეთოდების გამოყენებით ვიკვლიოთ თარგმანების ეკვივალენტობა სამი ასპექტის გათვალისწინებით: ა) რუსთაველის მსოფლმხედველობის ტრანსლაციის ადეკვატურობა (ფილოსოფიური და რელიგიური პლასტების ტრანსლაციის სიზუსტე), ბ) პოემის ლიტერატურული ღირსების ტრანსლაციის ადეკვატურობა (სიუჟეტისა და პერსონაჟების ხასიათის ტრანსლაცია, სტილისტური ფიგურების ტრანსლაციის ადეკვატურობა) და გ) ლინგვისტური ინფორმა-ციის ტრანსლაციის ადეკვატურობა (ლექსიკური ერთეულების ეკვივალენობის საკითხი, გრამატიკული კატეგორიების ტრანსლაციის ადეკვატურობა, სინტაქსური კონსტრუქ-ციების ტრანსლაციის ადეკვატურობა).


სტატიაში, ერთი მხრივ, სიკეთისა და ბოროტების კონცეპტის მაგალითზე განხილულია რუსთაველის მსოფლმხედველობრივი წყაროების ტრანსლაციის ადეკვა-ტურობა „ვეფხისტყაოსანში“, და, მეორე მხრივ, ერთი პოეტური ფორმულის (X ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან) თარგმანებში გადატანის მაგალითზე ნაჩვენებია რეპეტიტულობის ავტომატური კვლევის შესაძლებლობები პოეტური თარგმანების ლიტერატურული ხარისხის შესაფასებლად. აღნიშნული საკითხები ნაკვლევია 13 თარგმანის შედარების ბაზაზე (3 გერმანული, 3 რუსული, 3 ესპანური, 2 ინგლისური და 2 ფრანგული თარგმანი). სტატიაში ნაჩვენებია, რომ ეკვივალენტობის შეფასების კრიტერიუმების ჩარჩო სამივე ასპექტის (ავტორის მსოფლმხედველობა, პოემის ლიტერატურული და ლინგვისტური ანალიზი თარგმანებთან მიმართებაში) ერთდროულად, ანუ კომპლექსურად კვლევას მოითხოვს, რაც თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს განსხვავებებისა და „გადახრების“ სტატისტიკური კვლევის შედეგად ემპირიულად დავასაბუთოთ თარგმანისათვის გამოყენებული საყრდენი ტექსტის უტყუარობა.


„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნით თვისობრივად ახალ სახეს იძენს რუსთველოლოგია - პოემის მრავალენობრივი პარალელური კორპუსი კვლევის თანამედროვე მეთოდებით არის აღჭურვილი და მისი გამოყენება რუსთველოლოგიაში ემპირიულად დასაბუთებული კვლევების განხორციელების საშუალებას იძლევა. „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების მრავალენობრივი კორპუსის არსებობა უდავოდ შეუწყობს ხელს დიგიტალური რუსთველოლოგიის ინტერნაციო-ნალიზაციას.

Published: Dec 20, 2022

Article Details

Section
Translation Studies/Corpus Linguistics