Marjory Wardrop: an Unknown Page of her Kartvelological Endeavour

Main Article Content

Tinatin Margalitadze

Abstract

საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული მეგობრები. ისინი, სხვადასხვა ეროვნების ქართველოლოგები, ჩამოდიოდნენ ამ ქვეყანაში, უყვარდებოდათ იგი, მისი ხალხი, მისი კულტურა და დიდი წვლილი შეჰქონდათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში. უცხოელი ქართველოლოგების თანავარსკვლავედში განსაკუთრებული ადგილი უკავია მარჯორი უორდროპს (1869-1909). მისი ხანმოკლე სიცოცხლის დიდი ნაწილი საქართველოს უკავშირდება, კერძოდ კი „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას და მას საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ამ უდიდესი ღვაწლის გამო იცნობენ და აფასებენ. ბოლო დრომდე ცოტა რამ იყო ცნობილი მ. უორდროპის ლექსიკოგრაფიული საქმიანობის შესახებ, რასაც დეტალურად განვიხილავ ამ სტატიაში.


მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფიული მასალების შესახებ პირველი ინფორმაცია ქართულ სამეცნიერო სივრცეში 1998 წელს გამოჩნდა, როდესაც პროფესორმა მარიკა ოძელმა გამოაქვეყნა მონოგრაფია ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიის შესახებ (ოძელი 1998). ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში მუშაობისას, მან მიაგნო მარჯორის დაუსრულებელი „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ხელნაწერს, რომელიც აღწერა ხსენებულ მონოგრაფიაში. 2014 წელს მ. ოძელმა და თ. მარგალიტაძემ საქართველოში ჩამოიტანეს მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ მასალების ფოტოასლები. ლექსიკონი გაციფრდა და ორენოვანი ინგლისურ-ქართული კომენტარებით გამოქვეყნდა 2019 წელს მ. უორდროპის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად (მარგალიტაძე, ოძელი 2019).


ლექსიკონის სატიტულო ფურცლიდან ვიგებთ, რომ მ. უორდროპს თავის „ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე“ მუშაობა 1891 წლის ნოემბერში დაუწყია, სწორედ იმ წელს, როდესაც იგი შეუდგა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას. ამდენად ირკვევა, რომ ოცდაორი წლის ახალგაზრდა ქალმა ერთდროულად წამოიწყო ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება: „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ შედგენა და „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა. 1892 წლის 5 დეკემბერს მარჯორიმ მე-1000 სიტყვა ჩაწერა თავის ლექსიკონში და მასზე მუშაობა აღარ გაუგრძელებია, ლექსიკონი დაუსრულებელი დარჩა „ვეფხისტყაოსანს“ კი იგი 18 წელი თარგმნიდა და მუდმივად მუშაობდა ტექსტის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“ დაუსრულებელია, მისი შესწავლა მრავალი თვალსაზრისით აღმოჩნდა საინტერესო. ლექსიკონის დონეზე ცალკეული ქართული სიტყვებისა და მათი ინგლისური ეკვივალენტების ანალიზმა და შედარებამ პოემის შესაბამის სტროფებთან, თვალნათლივ დაგვანახა თუ როგორ ფაქიზად გრძნობს ქართულ სიტყვას მთარგმნელი, როგორი სათუთია მისი დამოკიდებულება ენისადმი, როგორი სიზუსტით არჩევს ქართული სიტყვების ინგლისურ შესატყვისებს, როგორი აღტაცებულია იგი ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით.


აღსანიშნავია, რომ მარჯორის ეს საოცარი ნიჭი ქართული სიტყვის აღქმისა, ვლინდება „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის საწყის ეტაპზე, როდესაც იგი ჯერ კიდევ გამოუცდელია როგორც მთარგმნელი. ცხადია, წლებმა მოიტანა დიდი ოსტატობა, რამაც, დიდ ნიჭთან და ქართული სიტყვის სიღრმისეული წვდომის უნართან ერთად, მარჯორი უორდროპს შეაქმნევინა ქართული პოემის სრულიად უნიკალური თარგმანი. ამ ნაშრომს დღესაც ვერ შეედრება პოემის ვერც ერთი მომდევნო ეპოქებში შექმნილი ინგლისური თარგმანი. სწორედ ასეთი სიზუსტის გამო იქცა მარჯორის თარგმანი „ვეფხისტყაოსნის“ სხვა ენებზე შექმნილი არაერთი თარგმანის საფუძვლად.

Published: Dec 20, 2022

Article Details

Section
Digital Lexikography